ფერმერთა ასოციაცია - მობილური აპლიკაცია „Agronavti“ ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობაა

მობილური აპლიკაცია „Agronavti“, რომელიც ფერმერებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის ერთ სივრცეში მოძიების და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობის მქონე მარტივი და მოქნილი ონლაინ პლატფორმაა, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიისა და მკაცრი შეზღუდვების ფონზე სულ უფრო მეტმა ფერმერმა გამოიყენა.

ფერმერთა ასოციაციის ცნობით, აპლიკაცია, როგორც ფერმერისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული ყველა მხარისთვის აღნიშნულ სექტორში ინფორმაციის მიღების სანდო წყარო გახდა.

მათივე ცნობით, მობილური აპლიკაცია, „აგრონავტის“ მენეჯერი თამთა მამულაიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში „Agronavti-ს“ პლატფორმას მომხმარებლები აქტიურად იყენებენ არა მარტო, როგორც ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვის ონლაინ შესაძლებლობად, არამედ აგროსფეროში სიახლეების გაცნობისა და პროფესიული განვითარების საშუალებად. „პანდემიის პერიოდში გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, ვინც „Agronavti-ზე“ დაიწყო ინფორმაციის მოძიება დარგში არსებული სიახლეების შესახებ.

მომხმარებლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სასწავლო მასალებით და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მერძეული და მეხორცული მიმართულებებით დაინტერესებული პირებისთვის არსებული საჭირო კვლევების, სასწავლო მასალებისა და გზამკვლევების არსებობის შესახებ „Agronavti-ზე“, განაცხადა თამთა მამულაიძემ.

„აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლები ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან სასწავლო რესურსებს, როგორიც არის მაგალითად „ჰიგიენის საფუძვლები ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებისთვის“, რომელიც სასაკლაოების პერსონალის, ცოცხალი ცხოველის გადამზიდავი და სასაკლაოდან ხორცის ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირებისათვის კარგი საშუალებაა აიმაღლონ ცოდნა სურსათის უვნებლობის ჰიგიენის საბაზისო საფუძვლების შესახებ. პანდემიამდე, პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, პირისპირ ტრენინგებს ატარებდა აღნიშნულ თემაზე, თუმცა სახელმძღვანელოს მარტივი ფორმატი საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირებმა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვების პირობებში გადმოწერონ აპლიკაცია „Agronavti“ და თავად გაეცნონ სახელმძღვანელოს და სატრენინგო მასალას. კითხვების შემთხვევაში კი პროექტი დამატებით კონსულტაციებსაც გასცემს,“ ამბობს მამულაიძე. აპლიკაციაზე ასევე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელოები „სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სისტემა HACCP რძის ინდუსტრიაში“, „მენეჯმენტის სისტემების დოკუმენტირებული ინფორმაცია“ და სხვა. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან და Apple Store-დან, სადაც უნდა მოძებნოთ Agronavti. აპლიკაციაზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის. ასევე, ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია blog.agronavt.ge-ზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თამთა მამულაიძის განცხადებით, “Agronavti-ზე” ასევე ხელმისაწვდომია მერძეული ფურის კვების ზოგადი პრინციპების და რაციონის გამომთვლელი პროგრამა (რაც-იოლი1.0).

„ფერმერული მეურნეობებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამების შეთავაზება, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მხრივ, სწორედ პანდემიის პირობებში მომხმარებლებს SQIL-ის პროექტის ფარგლებში შევთავაზეთ რაც-იოლის პროგრამა. მისი საშუალებით, შესაძლებელია, ფურის პარამეტრების მიხედვით დაადგინოთ მისი დღიური საკვების ნორმა, საკვები ინგრედიენტების შერჩევით პროგრამა დაითვლის ასევე, საკვები ულუფის ჯამურ კვებით ღირებულებას,“ - განაცხადა მამულაიძემ.

მისი თქმით, პროგრამა დაეხმარება მესაქონლე ფერმერებს ერთის მხრივ, შეამცირონ საქონლის კვების ხარჯი, და მეორეს მხრივ, სრულფასოვანი საკვები ულუფის, მიწოდებით უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციის მეშვეობით ფერმერი არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ახერხებს, არამედ მას საკუთარი პროდუქტის სარეალიზაციო გზების მოძიებაც შეუძლია.

„ჩვენ ისეთი სამაგალითო შემთხვევებიც გვაქვს, როცა ფერმერმა აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობა ერთ სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციით დაიწყო და ახლა უკვე ადგილობრივი ბაზრისთვის მოთხოვნადი სხვადასხვა სახეობის პროდუქტს რამდენიმე სათბურში აწარმოებს. სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაში ფერმერებს ჩვენი პარტნიორი - ელექტრონული პლატფორმა „soplidan.ge” -იც ეხმარება. თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა/გამოყენება აგრარული მიმართულებით თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება“, - ამბობს თამთა მამულაიძე.

მისი განცხადებით, ორგანიზაცია ცდილობს აპლიკაცია მუდმივად განახლებადი და საინტერესო გახადოს ფერმერებისთვის და აგრარული მიმართულებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, რაშიც მათთან კომუნიკაცია ეხმარებათ. გარდა ზოგადი საინფორმაციო და სარეკომენდაციო ფუნქციებისა “Agronavti”-ი მომხმარებლებს აგრარული მიმართულებით სხვადასხვა სფეროზე სანდო და ამომწურავ სასწავლო მასალებს სთავაზობს.