ეგვიპტეში, კორონავირუსის გამო ჩაკეტილი გიზას პირამიდები 3-თვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პირამიდებში შესვლამდე აუცილებელია უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვა. კერძოდ, ყველაფერს, ვიზიტორებისა და მათი ჩანთების ჩათვლით, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
აღსანიშნავია, რომ გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც. სამშაბათიდან კი ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ეგვიპტეს იმედი აქვს, ტურისტული ადგილების გახსნა ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას.
ცნობისათვის, ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში დაიხურა მუზეუმები, არქეოლოგიური ადგილები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 69 814 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 034 ადამიანი.