“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენ? გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. გამოდის ნაკლებად ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიდრე საქართველო. და ერთ თვეში რა იცვლება თუ ეხლა არ ვხსნით საზღვრებს? აწი რეალური მოლოდინი რისი უნდა გვქონდეს? არის ეს კითხვები ინდუსტრიაში და ერთმანეთს ვეკითხებით და პასუხიც არავის გააჩნია. დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია და მოლოდინი, ინტენსიური კომუნიკაცია და შუამდგომლობა საბანკო სექტორთან სექტემბრიდან სესხების 2021 წლის მაისამდე გადავადების შესახებ. არავის გვაქვს ილუზია რომ ტურისტული მიმოსვლა განახლდება მალე, მაგრამ ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,“-წერს სიდამონიძე.
Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის ანდრას რადოს განცხადებით, კომპანია არ აუქმებს და არ ხურავს ქუთაისის ბაზას და ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი გეგმა, რომ ქუთაისში ბაზა დახუროს. მისი თქმით, კომპანია დროებით აუქმებს ოპერაციებს. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე იქნება შეჩერებული არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ოპერაციების განსაახლებლად, როგორც კი შესაბამისი პირობები იქნება.