პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო - სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გავრცელებასა და განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება, მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24- თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია,“ - განაცხადა გახარიამ.