„თუ სამუშაოებს ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და ისე „გააშავოთ“, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთ კომპანიაზე განაცხადა.
კერძოდ, საუბარია, შპს „მშენებელი 2019“-ზე, რომელმაც მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებზე სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა, კალაძის განცხადებით, სამუშაოები არათუ არ დასრულებულა, „არამედ ადგილი სანაგვედ არის ქცეული“. მან გამგებელსა და თბილისის საქალაქო სამსახურს დაავალა, აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ორკვირიანი ვადა მიეცეს.
ცნობისთვის, ტენდერი 2019 წლის დეკემბერშია გამოცხადებული. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაობის შესრულების ღირებულება - 127 549 ლარი იყო. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონების, მოსასვენებელი პავილიონის მოწყობა, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემების მონტაჟი, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის განთავსება იგეგმებოდა. ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო გამწვანების სამუშაოებიც.
რაც შეეხება თავად კომპანიას, მეწარმეთა რეესტრის ამონაწერით, შპს „მშენებელი 2019“ 2019 წლის იანვარში არის დარეგისტრირებული, თავდაპირველად მისი 100%-იანი წილის მფლობელი რამაზ გელაძე იყო, თუმცა, გასული წლის ივლისში საკუთარი წილი მან ამირან გელაძის სასარგებლოდ დათმო.