ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერის დავალებაა, რომ 6 ივლისს გამოქვეყნდეს კონკრეტული გრაფიკი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერის დავალებაა, რომ ორშაბათს, 6 ივლისს გამოქვეყნდეს, კონკრეტული გრაფიკი და მდებარეობა, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოქალაქეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ შედარებით იაფად შეიძინონ ბილეთები, რადგან სუბსიდირებული ფასი იქნება.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში დაბრუნებულ პირებს სახელწმიფოს ხარჯზე კარანტინის გავლის შესაძლებლობაც ექნებათ.

„დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, საუბარია იმაზე, რომ უნდა ვიმუშავოთ ავიაკომპანიებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უკვე ორშაბათს გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები. ორგანიზებულად და ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება ჩვენი ემიგრანტების, თანამოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან.

ეს პროგრამა პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად და წარმატებით ხორციელდებოდა. გეგმაზომიერი გამოყვანა იქნება და არა სტიქიური, როგორც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი მოგვიწოდებს. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში და თავიანთ ოჯახებს შეუერთდნენ, მაგრამ ამავდროულად, ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოდ, არ უნდა მოხდეს დამატებით ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე. ყველას ექნება კარანტინის გავლის შესაძლებლობა ისევ და ისევ სახელმწიფოს ხარჯზე, სახელმწიფოს დაფინანსებით. ორშაბათს უკვე დავასახელებთ ამ ლოკაციებს. ეს იქნება ძალიან ნათელი, ყველასთან შეთანხმებული გრაფიკი.

ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შედარებით იაფად შეიძინონ ბილეთები, რადგან სუბსიდირებული ფასი იქნება და ასევე ზუსტად ეცოდინებათ, საიდან, როდის და რომელი კომპანიით შეძლებენ ჩამოსვლას. ეს არ იქნება ერთი რომელიმე კომპანია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით საავიაციო დარგში მეტი კონკურენციის მომხრე. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბაზაზე „ვიზეარი“ გაფართოებულიყო, „რაინეარი“ შემოსულიყო. აქაც ამ პრინციპს მაქსიმალურად დავიცავთ და ეს რამდენიმე კომპანიის მიერ შესრულებული პროგრამა იქნება“,-განაცხადა თურნავამ.