Tesla-მ კაპიტალიზაციით Coca-Cola-ს, Walt Disney-ს და Toyota-ს გადაასწრო

ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ, S&P 500-ს სიაში შემავალ თითქმის ყველა კომპანიას გადაასწრო. მისი თითოეული აქციის ფასი 1120 დოლარამდე გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 210 მილიარდი დოლარია.

ამგვარად, Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირი საავტომობილო კომპანიაა. ელექტრომობილების მწარმოებელმა, მასზე გაცილებით დიდი ავტო გიგანტი, Toyota-ც კი უკან მოიტოვა. ილონ მასკის კომპანიამ ასევე გადაასწრო ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Coca-Cola, Walt Disney, Cisco, და Exxon Mobil-ი. ამჟამად Tesla უფრო ძვირი ღირს, ვიდრე PayPal-ი, კომპანია რომელიც ასევე მასკის მიერ არის დაფუძნებული.

S&P 500-ის ამჟამინდელ სიაში მხოლოდ 19 კომპანიაა ისეთი, რომელიც კაპიტალზაციით Tesla-ზე წინ დგას. მიმდინარე წელს, კომპანიის აქციების ფასი 170 პროცენტით არის გაზრდილი.

მართალია, საბაზრო ღირებულების მხრივ, Tesla-მ გადაასწრო Toyota-ს, მაგრამ წელს მასზე დაახლოებით 24-ჯერ ნაკლები ავტომობილი აქვს გამოშვებული. კერძოდ, 31 მარტამდე ამერიკული კომპანიის ანგარიშზე 103 000 გამოშვებული ავტომობილი იყო, იაპონური კომპანიის ქარხნების კონვეიერები კი, იმავე დროში 2.4 მილიონმა ავტომობილმა დატოვა.

საინტერესოა, რომ Tesla-ს აქციების ფასმა 1 000-დოლარიანი ზღვარი ივნისის დასაწყისში გადალახა. ამ დროს, მისმა კაპიტალიზაციამ 190 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამ მხრივ, ის უკვე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტოკომპანია იყო.

აქციების მორიგი ზრდა მოჰყვა მასკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია მალე ელექტრულ სატვირთო გამწევ Tesla Semi-ს სერიულ წარმოებას დაიწყებს. არადა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, აქციები სწრაფად უფასურდებოდა. ქვეყანაში გამოცხადებული პანდემიის გამო, კომპანიის ფრიმონტის (კალიფორნია) და ბაფალოს (ნიუ იორკი), ასევე ჩინეთის ქარხნები დაიხურა.