2020 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დასრულებული სამშენებლო ობიექტების 23,9% ექსპლუატაციაში არ მიიღო.
კერძოდ საუბარია 117 ობიექტზე. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.
უფრო კონკრეტულად, 2020 წელს თბილისში მშენებლობის დამკვეთების მიერ მუნიციპალურ ინსპექციაში შევიდა 489 განცხადება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით. აქედან, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ეთქვა 117 ობიექტის დამკვეთს, ხოლო ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 191. ასევე, განცხადებების ნაწილი განხილვის პროცესშია.
რაც შეეხება 2019 წელს, შარშან მშენებლობის დამკვეთების მიერ მუნიციპალურ ინსპექციაში ექსპლუატაციაში მიღების თხოვნით 1425 განცხადება შევიდა, საიდანაც 36,4-ს ანუ 519 ობიექტს უარი ეთქვა. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 779 ობიექტი. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო კი შემოსული განცხადებების ნაწილი დარჩა განუხილველი.
ცნობისათვის, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას, შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭიროა მშენებლობადამთავრებული ობიექტი შესაბამისობაში იყოს მშენებლობის სანებართვო პირობებთან და განხორციელებული სამუშაოები შეესაბამებოდეს ს.ს.ი.პ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან.