აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 19 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან. აღნიშნულ მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი 2 ზოლი.
„ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ნახშირღელეს კვანძით ქუთაისი-სამტრედიის გზის მე-13 კმ-მდე, საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან გეგუთის სატრანსპორტო კვანძს, ხოლო დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას ფოთი-ბათუმი-სარფის და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებით. გეგუთი-ბაშის მონაკვეთზე გადაადგილება განხორციელდება ორივე მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლით, ხოლო ბაშიდან დაფნარამდე არსებულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, რომლის 37-ე კმ-დან მოძრაობას განაგრძობენ მარჯვნივ და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდებიან თბილისის მიმართულებას. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა. გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას განახლებულ გზაზე, უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ასევე, გზის გაფართოების შემდეგ გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება ხარჯები. ქუთისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება”, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.