არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის რეფორმიდან ფუნდამენტური ჩანაწერების ამოღების საფრთხეზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის რეფორმიდან, მათი თქმით, ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

ისინი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უფროს მრჩეველს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსის ტექნიკურ მრჩეველს განცხადებით მიმართავენ, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შრომის კოდექსის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას. დღეის მდგომარეობით, ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა და მისი მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ნაწილია. მისი მიღება აუცილებელია მშრომელთა ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის დამტკიცებას დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის სამომავლო გაუმჯობესებისთვის საფუძვლის ჩაყრაც შეუძლია.

ათწლიანი დერეგულაციის პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მშრომელები ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე დარჩნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით ხშირია დისკრიმინაცია და საფრთხის შემცვლელი სამუშაო გარემო, ბუნდოვანი და არაფორმალური სამუშაო განრიგი, დაურეგულირებელი ზეგანაკვეთური შრომა, სავალდებულო შესვენების და დასვენების დროის არარსებობა, ისევე როგორც შრომით უფლებების სხვა დარღვევები.

შრომის კოდექსის რეფორმირების ეს პაკეტი ერთწლიანი პროცესის შედეგია, რომელიც მიზნად შრომის კოდექსის ძირეულ გადახედვას ისახავდა. თუმცა, ბიზნესის წარმომადგენელთა კარგად კოორდინირებული კამპანიის შედეგად, როგორც პარლამენტს მიღმა, ისე უშუალოდ საკომიტეტო განხილვებისას, კანონპროექტის მიღმა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. მაგალითად, დღევანდელი ვერსიიდან ამოღებულია ჩანაწერი ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, ისევე როგორც ჩანაწერები მინიმალური ხელფასისა და სოლიდარული გაფიცვის შესახებ. კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს ვადიანი ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს.

მიუხედავად ამისა, არსებული კანონპროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიცავს და მას მშრომელთა მდგომარეობის ხელშესახებად გაუმჯობესება შეუძლია. პაკეტი არეგულირებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ღამის ცვლას, სავალდებულო შესვენებას სამუშაო კვირისა და ცვლებს შორის. ის ასევე შეიცავს გაუმჯობესებულ რეგულაციებს გამოსაცდელი ვადით დასაქმებულებისთვის, ნახევარ განაკვეთზე მომუშავეებისთვის, ღამის ცვლის მშრომელთათვის. პაკეტი შეიცავს მნიშვნელოვან ანტიდისკრიმინაციულ სტანდარტებსაც.

ინიცირებულ ცვლილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებაა, რომელიც, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მშრომელთა უფლებებს სრულად მოიცავს. დღევანდელი მანდატი, რომელიც შრომის უსაფრთხოებაზე ვრცელდება, შეზღუდულია და მშრომელთა უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმს არ წარმოადგენს. შრომის ინსპექცია, რომლის შექმნაც 2015 წელს მისასალმებელი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, საკმარის რესურსებს არ ფლობს და ინსტიტუციურად სუსტი რჩება. მისი გაძლიერება, რასაც შეტანილი კანონპროექტი ხელს შეუწყობდა, ღირსეული და უსაფრთხო შრომითი პირობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია. შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება, მინიმალური ზეგანაკვეთური ანაზღაურების დაწესებასთან ერთად, კერძო ინტერესის მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობის საგანია.

ხაზგასასმელია, რომ შრომის ინსპექციის არსებული, ვიწრო მანდატი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროპის სოციალური ქარტიისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის ინსპექციის კონვენციის მიხედვით, შრომის ინსპექციის მინიმალური მანდატის ნაწილი უნდა იყოს სამუშაო გარემოს შემოწმება „სამუშაო საათების, ანაზღაურების, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ბავშვთა და მოზარდთა დასაქმებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების“ კუთხით. ამ საკითხთა უმრავლესობა დღეს მოქმედი მანდატის მიღმა რჩება. ამასთან, ევროპის სოციალური ქარტია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს შრომის ინსპექტირების სისტემის გამართვას, რომელიც დღეში და კვირის მანძილზე სამუშაო საათების ზღვარს აწესებს.

შემოთავაზებული ცვლილებები მშრომელთა ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, თუმცა კანონპროექტი კერძო ინტერესისა და ბიზნესის ლობის შეტევის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც ფორმალურად, პარლამენტში, ისე, როგორც ჩანს, არაფორმალურად. შედეგად, დღეს მისი დამტკიცება საფრთხეშია. გაზაფხულის სესიის დასრულებამდე სულ რამდენიმე სხდომა რჩება და თანდათან იზრდება კანონპროექტის დაყოვნების ან მისი ჩაგდების რისკი. ეს ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებასაც ეჭვქვეშ აყენებს.

სამწუხაროდ, არსებულ პაკეტში მოხვდა რამდენიმე ისეთი ჩანაწერიც, რომლებმაც შესაძლოა მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა გააუარესოს. კანონპროექტში შეტანილი ჩანაწერები უსაფუძვლო გათავისუფლების შემთხვევაში განაცდურის ანაზღაურების წესს და სამსახურში აღდგენის უფლებებს ზღუდავს. კანონპროექტის ინიცირებული ფორმით შენარჩუნება და მისგან მოგვიანებით შეტანილი, მშრომელთა დამაზიანებელი ჩანაწერების ამოღება დღეს თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ადამიანების ცენტრალური პრიორიტეტია.

ვთვლით, რომ შიდა ადვოკატირებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტის დამტკიცების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და პროცესში თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მიღების შემთხვევაში, რეფორმა ასობით ათასი მშრომელის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. მისმა ჩაგდებამ კი შესაძლოა საქართველოში მშრომელთა ფუნდამენტური უფლებებისთვისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე წლით უკან დახიოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); მწვანე ალტერნატივა.