კორონავირუსის გამო, ლათინური ამერიკის ქვეყნებში 41 მილიონი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

კორონავირუსის გამო, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებში 41 მილიონი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა და დაწესებული რეგულაციები რეგიონში უმუშევრობის დონეს 4-5%-ით გაზრდის, რაც უსამსახუროდ დარჩენილ 41 მილიონ ადამიანს ნიშნავს.

მათი მტკიცებით, ყველაზე დიდი საფრთხე სასტუმროებში, სარესტორნო და მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებს ემუქრებათ. კვლევის მიხედვით, პრობლემები ექნებათ მცირე ბიზნესში ჩართულ პირებსაც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისამდე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში უმუშევრობა 8.1%-ს შეადგენდა. დღესდღეობით კორონავირუსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ბრაზილიაში, ჩილეში, პერუსა და მექსიკაში ფიქსირდება.