„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ფრენები დაუყოვნებლივ აღადგინოს

„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მთავრობა ფრენების აღდგენას მომდევნო ორ თვეშიც არ გეგმავს, ამ შემთხვევაში კი, მათივე თქმით, ეკონომიკა 3 მილიარდ დოლარს იზარალებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრენები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს, „ვიზეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში.

იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და რეგულარული ფრენები არ აღდგება დაუყოვნებლივ, სრულიად შესაძლებელია, რომ სამი მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია, სრულიად დაიკარგოს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მგზავთა რაოდენობით ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში პირველ ადგილზეა. ქუთაისის აეროპორტმა კი - მიუხედავად იმისა, რომ გეგმური ორი მილიონი მგზავრიდან ჯერ კიდევ შორსაა - 800 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა.

ამ ზიანის შესამცირებლად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, სადაც ეპიდსიტუაცია შეფასებულია როგორც კარგი - მაგალითად ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, დანიასთან და ა.შ“, - აღნიშნავენ პარტიაში.