საქართველოში ფისტას ბაღების გაშენება პირველად 2016 წელს დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 30 000-ზე მეტი ნერგია გაყიდული. როგორც სათესლე მასალის იმპორტიორი გიორგი მასურაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქტზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, თუმცა ადგილობრივი მოსახლობის 60%-ზე მეტს, ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მისი მოვლისა და თვისებების შესახებ.
ამასთან, საკმაოდ ძვირია მისი როგორც სათესლე მასალა, ისე ნაყოფი. კერძოდ, გიორგი მასურაშვილის ინფორმაციით, 1 კგ სათესლე მასალა 180 ევრო ღირს, რაც შეეხება ნაყოფს, ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ-ს ღირებულება 80 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, გიორგი მასურაშვილმა მცირეფართობიანი პლანტაცია ქარელის რაიონ სოფელ ზემო ხვედურეთში 2016 წელს გააშენა. ფერმერს სათესლე მასალა ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს.
„ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ფისტას შესახებ არაფერი იცის. პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად მათ აქვთ, ვინც გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მაგალითად, საბერძნეთში ვინც არის, ყველა კარგად იცნობს ფისტას და იცის მისი თვისებების შესახებ.
ამ დროისთვის, ნერგები ძირითადად გაშენებულია კახეთში და შიდა ქართლში. დასავლეთ საქართველოში - ნაკლებად, რადგან თიხნარ და ნესტიან ნიადაგაში ვერ ხარობს. ჩემგან დაახლოებით, 30 000 ძირი ნერგია უკვე გაყიდული, ბოლო 4 წელიწადში.
რაც შეეხება მის ღირებულებას, მე სათესლე მასალა შემომაქვს, რაშიც საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდი, კერძოდ, 1 კგ-ში 180 ევროს. უფრო დაბალფასიანი მასალა ჩვენს პირობებში არ ამართლებს. თვითონ პროდუქტი კი, კარფურში 100 გრამი 8 ლარამდე ღირს. შესაბამისად, 1 კგ ფისტა 80 ლარი გამოდის“,-ამბობს გიორგი მასურაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წელში ფისტაზე მოთხოვნა დინამიურად იზრდება, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მისი მრავალმხრივი დანიშნულებისა და მოვლის შესახებ.
„პირველად ფისტას ნერგებზე „ბიზნესპრესნიუსში“ დაიწერა, 4 წლის წინ. მაშინ არავინ იცოდა საერთოდ რაზე იყო საუბარი. მას მერე წამოვიდა მოთხოვნა, მაგრამ ვინც ფისტას ნერგებს ყიდულობდა, მათმა 60-70%-მა მაინც არ იცოდა, რა იყო ეს. ახლა მეტ-ნაკლებად ცნობადობა ამაღლდა და ფაქტია, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.
ეს არის ნახევრად უდაბნო ტიპის მოყვარული მცენარე, რომელიც კარგად ხარობს მშრალ და გამტარ ნიადაგში. არ უყვარს თიხნარი და ჭაობიანი ადგილი. ნერგი ირგვება პატარა ასაკში. 2-3 თვეზე დიდს, ფიზიკურად ვერ დარგავ, რადგან წარმოიდგინეთ, ერთი კვირის ნერგს უკვე ნახევარ მეტრამდე ფესვი აქვს განვითარებული.
ნერგი ნაყოფს იძლევა 7-8 წლის შემდეგ და ხარობს საუკუნეები.
პროდუქტს აქვს ძალიან კარგი სამედიცინო თვისებები, რიც გამოც პროდუქტზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. მას მიირთმევენ ისე, როგორც კაკლოვან კულტურებს. გარდა ამისა, გამოიყენება პარფიუმერიაში, კულინარიაში და ა.შ“ - ამბობს გიორგი მასურაშვილი.