რა დასკვნა დადო სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სურამში მშენებარე სასტუმროზე, რომლის მეპატრონეც არსებულ დავას შეეწირა

სურამში, ბაიანთხევში სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობის გაგრძელების საკითხი დასკვნით ფაზაშია. პროექტის ხელმძღვანელის ჯულია ანტილოგოვას თქმით, უკვე ცნობილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონას არ მიეკუთვნება. შესაბამისად, როგორც პროექტის ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ადგილობრივების ნაწილის საჩივარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ცნობისთვის, „სურამი პალასის“ მშენებლობას ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს იქ არსებულ ტერიტორიაზე ტყის გაჩეხვა სურს. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და იქ მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.

2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი.

მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა. სანიაღვრე სისტემის მოწყობა სასტუმროს მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

მოგვიანებით, სასტუმროს მშენებლობის უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. როგორც მაშინ ჯულია ანტოლოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის მარტში დასრულებულიყო. თუმცა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. როგორც ჯულია ანტლოგოვა აღნიშნავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული და ამასთან, ხეების გაჩეხვა არ იგეგმება, ადგილობრივების პროტესტი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

მისივე ინფორმაციით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილია, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. ჯულია ანტილოგოვას თქმით, ისინი შიშობენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებს, რაც ინვესტორის თქმით, გამორიცხულია, რადგან მათი სეგმენტი განსხვავებულია.

როგორც ჯულია ანტილოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარატავს, იმის გამო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სასამართლო განხილვები, მოსამართლის მხრიდან გაკვეული დარღვევებით მიმდინარეობდა, ამჟამად დღის წესრიგში სწორედ მისი აცილების საკითხია. ამის შემდეგ კი, სასტუმროს მშენებლობის ბედიც გადაწყდება.

„სწორედ ახლახანს, 29-ში გვქონდა სასამართლო და პროცესი იმ დონეზეა მისული, რომ დღის წესრიგში საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების საკითხი დავაყენებთ. შემდეგი სხდომა 7 ივლისს არის ჩანიშნული. ამის მიზეზია ის, რომ მოსამართლე ძალიან ბევრი დარღვევით აწარმოებდა განხილვებს.

რაც შეეხებსა ექსპერტიზის პასუხებს, დასკვნა ჩვენ სასარგებლოდ დაიდო. ანუ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამივე პასუხში წერია, რომ ეს ადგილი არ არის მეწყერსაშიში, როგორც მას საჩივარში წერდნენ. ვნახოთ, რა იქნება, წესით, საკითხი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს,

რადგან საჩივრის შინაარსს აბსოლუტურად აბათილებს ექსპერტიზის პასუხები. თუ 7-ში მოსამართლის აცილება არ მოხდა, ისევ მასთან მოგვიწევს საკითხის განხილვა, თუმცა წესით, მაინც იმავე დღეს უნდა დაასრულოს საქმე, რადგან ფაქტობრივად, განსახილველი აღარაფერია“,-ამბობს ჯულია ანტილოგოვა.

ცნობისათვის, 906 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მამია ბითაძე 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, მან 2018 წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონზე 275 000 ლარად შეიძინა. ინვესტორის ინფორმაციით, სასტუმრო 4 სართულიანი იქნება, სადაც 36 ნომერი განთავსდება. აქედან 26 სტანდარტული, ხოლო 8 VP ნომერი იქნება. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, 2 მილიონი დოლარია.

ნინი ქეთელაური