BrandZ-მ Amazon-ი 2020 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დაასახელა. Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე 1,44 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი კომპანიის ერთი აქციის ფასი 2,478 დოლარიდან 2,897 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა Amazon-ის დამფუძნებლის, ფეჯ ბეზოსის ქონება. Bloomberg-ის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი 172 მლრდ დოლარის ქონების მფლობელია. ბოლო ერთ თვეში ბეზოსი 23 მლრდ დოლარით გამდიდრდა.
Amazon-ის ისტორია კი 1994 წელს დაიწყო, როცა ჯეფ ბეზოსმა მცირე ინტერნეტ მაღაზია დააფუძნა. ის ზაფხული სასიამოვნო მოგონებად დარჩა მისთვისაც და მისი თანამშრომლებისთვისაც. ივლისის თბილ საღამოებს ისინი საწყობში ატარებდნენ, სადაც სივიწროვეში დამკვეთებისთვის გასაგზავნ წიგნებს ფუთავდნენ. 14 წელიწადში კი ბეზოსის მცირე მაღაზია მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ ჰიპერმარკეტად გადაიქცა. 1998 წელს ასორტიმენტს დაემატა მუსიკალური და DVD დისკები, კიდევ ერთი წლის შემდეგ მაღაზიამ ელექტროსაქონლის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების, პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა დაიწყო. დღეს Amazon -ზე, ფაქტობრივად, ყველაფერი იყიდება.
ჯეფ ბეზოსი, ფინანსების ანალიტიკოსი, 1994 წელს საინვესტიციო ფონდში მუშაობდა. მან ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ წინა წლის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2300%-ით გაიზარდა. ავტომობილით მგზავრობისას ბეზოსმა წიგნების ინტერნეტმაღაზიის ბიზნესგეგმა მოიფიქრა. ფული მეგობრებისა და ნათესავებისგან ისესხა და საქმეს შეუდგა. საქმემ კი მოკლე ხანში დიდი წარმატება მოუტანა და ინტერნეტსივრცეში ყველაზე მსხვილ საცალო მოვაჭრედ აქცია.
ინტერნეტბიზნესს 2000 წლის კრიზისი მოულოდნელად დაატყდა. ათასობით მეწარმე გაკოტრდა, გადარჩენილებს კი „წამგებიანის“ დამღა შერჩათ. სწორედ იმ დროს Amazon.com -ს ხუმრობით „ამაზონ.ჯართსა“ და „ამაზონ.ბახსაც“ უწოდებდნენ. ინტერნეტვაჭრობიდან წავიდნენ ისეთი სახელოვანი კომპანიები, როგორებიც Wal-Mart -ი და Target -ია. მაგრამ ბეზოსმა გადაწყვიტა, ბოლომდე არ დაეთმო და არც შემცდარა.
ფინანსისტს კარგად ესმოდა, რომ კრიზისს არა მარტო ზარალი მოაქვს, არამედ ბიზნესგარემოს განვითარებისთვის წმენდს, ასუფთავებს, როცა ბაზრიდან კონკურენტებს აძევებს.
ჯეფ ბეზოსი ზღაპრულად გამდიდრდა. კრიზისისას გადარჩენა და ბიზნესის განვითარება ბეზოსმა იმიტომ მოახერხა, რომ ის - ნოვატორია. „ინოვაციებს არასოდეს უნდა ერიდო, არც კარგ და არც ძნელ დროს. ინოვაციები ძალიან მნიშვნელოანია. ისინი გვეხმარება თვითღირებულებისა და ფასების შემცირებაში, მეტი მომხმარებლის მოზიდვასა და მეტი მოგების მიღებაში“, - ეს ჯეფ ბეზოსის სიტყვებია.
ინოვაციების გარდა, წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ბეზოსის უნარმა, დასახულ მიზანს თანდათან მიახლოებოდა. Amazon -მა წარმატებისკენ უამრავი პატარა ნაბიჯი გადადგა. „როცა პირველი მომხმარებლების მოზიდვას ვცდილობდით, რეკლამის ფულიც არ გვქონდა. ამიტომ შევიმუშავეთ თანამშრომლობის პროგრამა: ჩვენს რეკლამებს პოპულარულ საიტებზე ვათავსებდით და შემოსავლების ნაწილს ამ საიტის მფლობელებს ვურიცხავდით. მოგვიანებით, შევიმუშავეთ შესყიდვის სისტემა, რომელიც „მაუსის“ ერთი დაწკაპუნებით მუშაობს. ეს ყველაფერი დიდ დაბანდებას არ მოითხოვდა. უბრალოდ, საჭირო იყო დაფიქრება და გონების სრული კონცენტრირება მომხმარებელთა ინტერესებზე“.
დღეს ჯეფ ბეზოსი 56 წლისაა,. წლების წინ მას კონკურენტების გაგონებაც კი არ სურდა - „კონკურენტები წარმავალია. არჩეულ სტრატეგიას უნდა გაჰყვე. ბიზნესში სწორება კონკურენტებზე ან კლიენტებზეა. ვინც ორიენტაციას კონკურენტებზე იღებს, ინიციატივას კარგავს, ხოლო ვინც მთელ ყურადღებას კლიენტებს უთმობს, წარმატების მეტი შანსი აქვს“ - ამბობდა ბეზოსი.
ბოლო 20 წლის წლის განმავლობაში Amazon -ის სტრატეგია, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. კლიენტს სამი რამ სჭირდება: ფართო ასორტიმენტი, ყველაზე დაბალი ფასები და ადვილი მიწოდება. 90-იან წლებში, როცა კომპანიამ ზრდა დაიწყო, მენეჯერები სთავაზობდნენ, აეშენებინათ ოთხი გიგანტური ავტომატიზებული საწყობი. თითოეულის მშენებლობა $60 მილიონი ჯდებოდა. ბეზოსმა მეხუთე საწყობიც დაამატა. 2000 წლის საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გაზეთები აჭრელდა გულისამაჩუყებელი ამბით, თუ როგორ დარჩნენ ვინმე პატარა ტიმი და ჯენი საჩუქრების გარეშე, რადგან ერთ-ერთი ინტერნეტმაღაზია გაზრდილ მოთხოვნას ვერ აუვიდა. „ჩვენ კი ყველა მომხმარებელს მოვემსახურეთ, - ამბობდა ჯეფი - ამაში სწორედ მეხუთე საწყობი დაგვეხმარა“.
მოკლედ, ბიზნესმენს საქმეები კარგად მისდის, რაზეც ყველა ფინანსური მაჩვენებლი მეტყველებს. Amazon-ი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია მსოფლიოში, თავად მისი დამფუძნებელი კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი.
(მომზადებულია ეკო-პალიტრის მასალის მიხედვით)