„900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში და 3 თვეა უმუშევრები არიან - მთავრობამ მათ პასუხი უნდა გასცეს ან ადეკვატური კომპენსაცია შესთავაზოს"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში დასაქმებული 900-მდე ადამიანი 3 თვეა უმუშევარია და მთავრობამ მათ უნდა უთხრას, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას.

როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ხალხის იგნორია.

„ძალიან ცოტა დრო დარჩათ ხელისუფლებაში ყოფნის და გააორმაგეს ჯიბეების გასქელება. მათ ხალხის პრობლემების მოსასმენადაც კი არ რჩებათ დრო. ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ ჩატარდა საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ისინი ითხოვდნენ ერთადერთ რამეს - პასუხს იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებთ. ეს ხალხი არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ იპარავს, არ ძარცვავს ბიუჯეტს, თავიანთი რთული შრომით ცდილობენ შეინახონ ოჯახები. დაახლოებით, 900 ადამიანი დასაქმებული იყო ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში და უკვე 3 თვეა უმუშევრები არიან. მათ არ ჰყავთ ოჯახები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მინისტრებისგან განსხვავებით, მილიონებს ჩუქნიან. ისინი თავისი შრომით ცდილობენ ოჯახების შენახვას. ეს ხალხი ითხოვს ერთადერთ რამეს - გასცენ პასუხი, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. რატომაა ევროპაში და ამერიკაში, სადაც პანდემიის მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა, სპორტდარბაზები გახსნილი?! ექიმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვით ეს დარბაზები მუშაობენ და რატომ ვერ ახერხებს იგივეს საქართველოს ხელისუფლება?! რატომ მისცეს დარბაზებს უფრო მეტი რისკ დატვირთვა, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სავაჭრო ცენტრებს, ბაზრებს?! უნდათ პასუხის მიღება, მათი მოთხოვნა დარბაზების ხვალვე გახსნა კი არა, უბრალოდ პასუხია - როდის შეძლებენ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იმუშაონ. მთავრობამ მათ პასუხი უნდა გასცეს ან შესთავაზოს ადეკვატური კომპენსაცია“,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.