მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე - როგორ შეიცვალა შს მინისტრის ქონება 7 წელიწადში

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თითქმის ოთხი თვის განმავლობაში (2019 წლის 8 სექტემბერი - 31 დეკემბერი) ვახტანგ გომელაურის შემოსავალმა 22 533 ლარი შეადგინა.

ამასთან, მანვე შემოსავლის სახით, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 67 979 ლარი მიიღო. ამის შესახებ მის მიერ 2020 წლის 30 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია მინისტრის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფინანსური მდგომარეობა.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 506 ლარი; 4 618 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 7 500 დოლარი და 54 000 ლარი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს, 1 088 კვ.მეტრი ფართობის აგარაკს სოფელ გორანაში, რომელიც 2018 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, მის საკუთრებაშია ასევე - 650,6 კ. მეტრის აგარაკი ტაბახმელაში; 1 422 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გორანაში და 2 001 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 92 845 დოლარი და 376 ლარი, მათ შვილს კი 433 ლარი; 127 დოლარი; 591 ევრო და 895 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინოვნიკის რანგში ვახტანგ გომელაურმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 20 მაისს შეავსო. იმ პერიოდში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იმ დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ გომელაურის საკუთრებაში ვარკეთილში მდებარე, 64კვ. მეტრი ფართობის ბინა ფიქსირდება, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში იმავე მისამართზე არსებული 88 კვ. მეტრი ფართობის ბინა. მეუღლის სახელზე იყო ავტომობილი - Honda CRV. რაც შეეხება გომელაურის ფინანსურ ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს ბანკში - 4 300 ლარი, 150 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 აშშ დოლარი და 7 000 ლარი ჰქონდა.

თაია არდოტელი