კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა.

პანდემიის გამო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, რესტორნები, სპორტული დარბაზები, გაუქმდა ათასობით ავიარეისი. ამ ყველაფრის შედეგად ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. კრიზისმა დააზარალა როგორც მცირე ბიზნესი, ასევე საკმაოდ ცნობილი და დიდი კომპანიები.

წარმოგიდგენთ ცნობილ და უმსხვილეს კომპანიებს, რომლებიც პანდემიის გამო თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ:

Wendy’s-ის მმართველი ერთ-ერთი კომპანია

მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის Wendy’s-ის ერთ-ერთმა მმართველმა კომპანიამ, რომელიც ამერიკაში ქსელის 385 რესტორანს ფლობს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გაკოტრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანია NPC International Inc-მა, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, 1 მილიარდი დოლარით დაზარალდა.

Forever 21

ამერიკულ მაღაზიათა ქსელს Forever 21 ფინანსური პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიამ კი კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.

Aeromexico

მექსიკის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeromexico-მ გაკოტრების შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პანდემიის გამო ავიაკომპანიის თითქმის ყველა ავიარეისი შეწყდა, რამაც კომპანიის გაკოტრება გამოწვია.

Cirque du Soleil

Cirque du Soleil მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცირკია, რომელიც წარმოდგენებს ლას-ვეგასში მართავს. პანდემიის გამო ცირკს წარმოდგენების გამართვის უფლება ჩამოერთვა, რის გამოც მათ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ცირკის 3 500 თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა.

24 Hour Fitness

სპორტული დარბაზების ქსელმა 24 Hour Fitness რამდენიმე დღის წინ გაკოტრების შესახებ განაცხადა. რამდენიმეთვიანი დახურვის შემდეგ კომპანიმ გადაწყვიტა 400 სპორტული დარბაზი გაყიდოს, რათა კრიზისის დაძლევა შეძლოს.

Avianca

Avianca ლათინური ამერიკის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ავიარეისების 88%-ის გაუქმების გამო კომპანიამ გაკოტრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან, ავიაკომპანიის ათასობით თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა.

Aldo

პანდემიის გამო ფეხსაცმელების მწარმოებელმა ფირმა Aldo-მ მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში შეაჩერა, რის გამოც კომპანია გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.

Brooks Brothers

კორონავირეუსმა ასევე სერიოზული პრობლემა შეუქმნა მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Brooks Brothers, რომლის მაღაზიებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო.

ბექა ბერიაშვილი