სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 23,000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს იგი პირველი მოსავლის სახით 30 ტონა ბალს ელოდება. ბაღში 32 ადგილობრივია დასაქმებული.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავალი ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნაში, ეტაპობრივად, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია“, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს. „ერთიანი აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.