მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, სტრატეგია აღმაშენებლის იდეის თანაავტორი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ წესების დაცვით სპორტული დარბაზების გახსნა არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა.
მისი შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ აღნიშნული ინდუსტრია საბოლოოდ არ გაკოტრდეს და ათასობით ადამიანი უმუშევრად არ დარჩეს.
"ბევრმა ქვეყანამ გახსნა სპორტული დარბაზები,ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები. ასეთებია ესპანეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ისლანდია, იტალიის უმეტესი რეგიონები და ბევრი სხვა. როგორც ვხედავთ, ისეთმა ქვეყნებმაც კი განაახლეს სპორტული დარბაზების ფუნქციონირება, რომლებსაც ასეული ათასობით ინფიცირებული ჰყავდათ.
ამ სურათის ფონზე, ყოვლად ამოუხსნელია რატომ ჭიანურდება ჩვენთან ეს პროცესი, მაშინ როდესაც ეპიდემიოლოგიურად „სანიმუშო“ მდგომარეობა გვაქვს და უკვე კვირებია მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვლინდება ყოველდღიურად. ყოვლად გაურკვეველია რას ელოდება მთავრობა?! ამაზე უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არც გვექნება მომავალში. ინფექციის ასეთი ერთეული შემთხვევები ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ვირუსული ინფექციების დროს მუდამ იქნება“, - აცხადებს ჩიხლაძე.
მისთვის გაურკვეველია, რა არის ის ინდიკატორი, როდესაც დარბაზები გაიხსნება. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, თუ საუბარია უსაფრთხოების ზომების შემუშავებაზე, უკვე არსებობს ეს ნორმები და სტანდარტები სპორტული დარბაზებისთვის და მათი თანამშრომლებისთვის როგორც ევროპული, ასევე ამერიკული.
„შეიძლება მათი გადმოღება თუ ჩვენსას ვერ ვქმნით. ეს არის სპორტულ დანადგარებს შორის დისტანცია და დეზინფექცია, ე.წ. ბუკინგის სისტემის დანერგვა, რომ ერთდროულად ბევრი ადამიანი არ იყოს დარბაზში, პერსონალის ქცევის წესები და დამცავი საშუალებების ხმარების წესი, გასახდელების და საშხაპეების დამატებითი ჰიგიენური ზომები. ზოგან საერთოდ აკრძალულია, სხვათა შორის, საშხაპეებით სარგებლობა. გასაგებია, რომ ეს დამატებითი ღონისძიებები ართულებს ამ დარბაზების ფუნქციონირებას და რასაკვირველია ფასზეც იმოქმედებს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ ამ ინდუსტრიის განადგურება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ წესების დაცვით და ჩვენნაირი ეპიდსიტუაციის ფონზე სპორტული დარბაზების გახსნა არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. აუცილებელია, რათა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და არ მოხდეს ამ ინდუსტრიის საბოლოოდ გაკოტრება და ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა. სპორტულ აქტივობებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე პოსტკოვიდ პერიოდში, ლოკდაუნის დროს განვითარებული ფსიქოლოგიური სტრესის გამკლავების მიზნითაც", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ინფორმაციას "ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.