თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან განხორციელდა, რომელმაც თბილისში 136 მგზავრი ჩამოიყვანა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.
„ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთ ხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.