პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, რეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.
ავიარეისების განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. კერძოდ, რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი.
„აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები,“-აღნიშნა ჩიქოვანმა.
ამასთან, მან ევროკავშრის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველა სახლემწიფოსთან მუშაობს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ტურისტული მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.