აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეკომენდაციების ნაწილი უკვე შემუშავებულია.

„ეს რეკომენდაციები არ იქნება უცხო, მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ეს იქნება მორგებული რეალობას. ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება; ვენტილაციას მიენიჭება დიდი მნიშვნელობა; უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი; დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება; საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან; კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, თითოეული ადამიანისგან; პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით; წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს ათი ადამიანის ოდენობით მოხდება პროცედურის წარმართვა. რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე და გადახრისას სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და შეზლონგების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შემდეგ,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.