რამდენი ადამიანი დაიშვება ჯგუფურ ვარჯიშებზე - წესები სპორტდარბაზებისთვის

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები არ იქნება უცხო, რადგან მათთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ეს წესები იქნება რეალობას მორგებული.

ფიტნეს დარბაზებისთვის შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება;
  • ვენტილაციას მიენიჭება დიდი მნიშვნელობა;
  • უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი;
  • დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება;
  • საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან;
  • კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, თითოეული ადამიანისგან;
  • პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით;
  • წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს ათი ადამიანის ოდენობით მოხდება პროცედურის წარმართვა.

თაია არდოტელი