ჩინეთის საგარეო უწყება საფრანგეთს მოუწოდებს, რომ ჩინური კომპანიების, მათ შორის Huawei-ის მიმართ, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.
„საფრანგეთის მთავრობამ ბევრჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ ის არ გამოიყენებს დისკრიმინაციულ ზომებს კონკრეტული ქვეყნის ან კომპანიის მიმართ, როცა საქმე 5G-ის ეხება, და მეტიც - ის არ გამორიცხავს Huawei-ის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფრანგული მხარე ობიექტურ და სამართლიან დამოკიდებულებას შეინარჩუნებს, პატივს სცემს საბაზრო წესებს და კომპანიების სურვილს, გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი, რაც მათ პირად ინტერესებშია. ამასთან, კონკრეტული ქმედებებით უზრუნველყოფს ღია და სამართლიან ბიზნესგარემოს უცხოელი კომპანიებისთვის, მათ შორის ჩინური კომპანიებისთვისაც“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ ANSSI-მ განაცხადა, რომ 5G ქსელის მოწყობისას Huawei-ის აღჭურვილობის გამოყენებაზე სრული აკრძალვა არ დაწესდება, მაგრამ ის ფრანგულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს უბიძგებს, რომ ჩინურ კომპანიაზე დამოკიდებულებისგან თავი შეიკავონ. უკვე დიდი ხანია აშშ მის მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ 5G სისტემების დანერგვისას ჩინური კომპანიის Huawei-ის აღჭურვილობაზე უარი თქვან. მიზეზად აშშ ასახელებს იმას, რომ ჩინეთმა შეიძლება, საკუთარი კომპანია შპიონაჟისთვის გამოიყენოს. Huawei ყველა ბრალდებას უარყოფს.