ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მწვანე ზონის ქვეყნებიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილე გიდმა ლევან რევაზიშვილმა განაცხადა, თუ ტურიზმის სფეროში დასაქმებულები შემოდგომაზე მაინც ვერ შეძლებენ საქმიანობის განახლებას, ისინი კატასტროფის წინაშე დადგებიან.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ის დაპირებები, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით იყო გაცემული, შესრულდეს. ჩვენ ვითხოვთ, აღდგეს ფრენები ეტაპობრივად, პირველ რიგში მწვანე ზონის ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველანაირი რჩევა ეპიდემიოლოგებისგან, დარგის პროფესიონალებისგან, მაგრამ ეს ბლოკადა მოგვიტანს ეკონომიკის ჩამოშლას. ტურიზმის სფეროში დაახლოებით 350 000 ადამიანი იყო დასაქმებული და თუ შემოდგომაზე ადამიანებს საკუთარი შრომით ლუკმაპურის მოპოვების საშუალება არ მიეცათ, ჩვენ კატასტროფის წინაშე დავდგებით. ის დახმარებებიც კი, რაც დაანონსებული იყო, მხოლოდ ნაწილმა მიიღო, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს", -განაცხადა გიდმა ლევან რევაზიშვილმა.