საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში 21 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.