ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებში მცირედი ზრდა შეინიშნება, არაბრენდირებულზე კი ფასმა დაახლოებით 20-25 თეთრით მოიმატა

ივნისის დასაწყისიდან დღემდე, ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით, 40 დოლარი ღირს და აღნიშნულ ფასს სტაბილურად ინარჩუნებს.

6 ივლისის მონაცემებით, ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობი 40.69 დოლარი ღირს, ხოლო ბრენტის ტიპის - 43.31 დოლარი.

ივნისის დასაწყისში ნავთობის ფასის ზრდამ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის კორექტირება გამოიწვია, რაც არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე მყისიერად აისახა, ბრენდირებულები კი შედარებით სტაბილურ ფასებს ინარჩუნებენ, თუმცა აქაც შეინიშნება მცირედი ზრდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, რომ თუ მარტის თვეში პანდემიამ ფასების საშუალოდ, 70-80 თეთრით შემცირება გამოიწვია, რეგულაციების მოხსნისა და ნავთობზე ფასების ზრდის შედეგად, დღეს, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ის საშუალოდ, 20-25 თეთრით გაძვირდა.

„პანდემიის პერიოდში ნავთობის ფასები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა 20 მაისის შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე ეტაპობრივად დაიწყო ნავთობის ფასების მატება. დღეს, მარტის თვის შემდეგ ფაქტობრივად, ყველაზე მაღალი ფასები გვაქვს.

რაც შეეხება იმას, თუ ადგილობრივ ბაზარზე ფასების კუთხით რა ხდება. ყველამ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე საქართველოში საწვავის ფასები მაქსიმალურად იყო შემცირებული - საშუალოდ, 70-80 თეთრით, მაგრამ შემდეგ იწყება ასეთი პროცესები: ნავთობზე მოთხოვნა მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება, ოპეკი პლუსის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით ძალაში შედის და ამ ყველაფრის გავლენით ნავთობის ფასები იწყებს მატებას.

ამ პროცესების შედეგად კი ქართულ ბაზარზე არაბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურების პროდუქტზე, ფასები საშუალოდ, გაზრდილია 20-25 თეთრით. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა მოქმედებს როგორც არაბრენდირებულ, ისე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზეც“,- განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნავთობის ფასის ზრდა ან შემცირება მყისიერად აისახება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, რადგან მათ პროდუქტის მარაგები არ გააჩნიათ. დღევანდელი მდგომარეობით მათ პროდუქტზე ფასების მატებაც სწორედ ამით არის განპირობებული.

„საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად მოიმატა ფასმა და სავარაუდოდ, საქართველოშიც ოდნავ გაიზრდება“, - განმარტავს კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს დირექტორი ლევან გიორგაძე.

რაც შეეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ ფასებს, საწვავის სახეობების მიხედვით, 6 ივლისის მონაცემებით, მათი ღირებულება ასეთია:

· რეგულარი - „ლუკოილი“ – 1.77 ლარი; „სოკარი“ და „რომპეტროლი“ – 1.83; „ვისოლი“ -1.86; გალფი“ – 1.92 ლარი.

· პრემიუმი - „ლუკოილი“ - 1.88 ლარი; „სოკარი“ – 1.95 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.98; „ვისოლი“ და „გალფი“ – 1.99 ლარი.

· სუპერი - „ლუკოილი“ – 2.10; „სოკარი“ და „გალფი“ – 2.14; „ვისოლი“ და „რომპეტროლი“ – 2.17 ლარი.

· დიზელი - „სოკარი“ – 1.87; „ვისოლი“ – 1.97.

· ევრო დიზელი - „ლუკოილი“ – 1.89 ლარი; „გალფი“ და „რომპეტროლი“ – 1.94 ლარი; „სოკარი“ – 1.95; „ვისოლი“ – 2.02.

· ბუნებრივი აირი (CNG) –„სოკარი“ – 1.30; „ვისოლი“ – 1.34 ლარი და „გალფი“ – 1.39 ლარი.

ბრენდული ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ, რაც ხშირად, ზოგად ფასთან მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა-ხოლმე. 6 ივლისის მონაცემებით, აღნიშნული ფასები ასე გამოიყურება:

· რეგულარი -„ლუკოილი“ – 1.69 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.71; „სოკარი“ – 1.74; „ვისოლი“ – 1.76; „გალფი“ – 1.82 ლარი.

· პრემიუმი - „ლუკოილი“ – 1.78; „სოკარი“ და „რომპეტროლი“ – 1.86; „ვისოლი“ და „გალფი“ – 1.89 ლარი.

· სუპერი- „ლუკოილი“ – 2.00 ლარი; „გალფი“ – 2.04; „სოკარი“ და „რომპეტროლი“ – 2.05; „ვისოლი“ – 2.07.

· დიზელი - „სოკარი“ 1.78; „ვისოლი“ – 1.87.

· ევრო დიზელი - „ლუკოილი“ – 1.79 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.82; „გალფი“ – 1.84; „სოკარი“ – 1.86 ლარი; „ვისოლი“ – 1.92 ლარი.

· ბუნებრივი აირი (CNG) – „სოკარი“ – 1.25; „ვისოლი“ და “გალფი“ – 1.29 ლარი.