საქართველოში პირველი drive-in კინოთეატრის გახსნის თარიღი ცნობილია.
კერძოდ, Cavea Drive-in კინოთეატრების გახსნა და პირველი ჩვენება 9 ივლისს, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზეა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია Cavea Cinemas Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.
რაც შეეხება ბილეთის ფასს, იდეის ავტორების ცნობით, ბილეთს ყიდულობთ მანქანაზე და არა — ადამიანზე. ბილეთის ფასი მანქანაზე 29 ლარი იქნება. შესაბამისად, 29 ლარად 2, 3, 4, და 5 ადამიანიც კი შეძლებს ფილმის ყურებას ერთი მანქანიდან. VIP ადგილები 35 ლარი ღირს, ხოლო ჯიპის ტიპის მანქანები 39 ლარი. პირველი სამი რიგის ცენტრალური ზონები განკუთვნილია VIP ადგილებისთვის, მაღალი მანქანებისთვის — ბოლო რიგი.
„ხმა რადიოში ისმის. რადიო უნდა მომართოთ კავეას ტალღაზე, 95.9. თუ რადიო არ გაქვთ მანქანაში, შეგიძლიათ მობილურში გადმოწეროთ რადიოს აპლიკაციები და ყურსასმენით მოუსმინოთ. ტერიტორიაზე პოპკორნი და კინოს ბარის სხვა პროდუქციაც გაიყიდება. ტერიტორიაზე შემოსვლისას, ბარში შეკვეთა მანქანიდან შეგეძლებათ,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, “კავეას”კინოთეატრი ლისის ახალი იპოდრომის პარკინგზე, საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება.