„ბედნიერი თხების ყველი“ - რა ღირს და რა გემური თვისებებით გამოირჩევა პროდუქტი

ლეჩხუმში შექმნილი კოოპერატივის ტიპის თხების ფერმაში გამორჩეული გემური თვისებების 12-მდე დასახელების ყველი იწარმოება.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის მთლიანად ბიო პროდუქტი, რომელიც „ბედნიერი თხების“, ანუ საძოვრებზე გაშვებული, ქართული ჯიშის შინაური ცხოველის რძისგან მზადდება. წარმოების პროცესში კი ისეთი სანელებლები ემატება, როგორიცაა: როზმარინი, წიწაკა, ჭინჭარი და ა.შ., რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

რაც შეეხება 1 კგ პროდუქტის ღირებულებას, დაახლოებით, 60-დან 90 ლარამდე მერყეობს.

როგორც რუსუდან კბილაშილი ამბობს, პროდუქტზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ დიდი ფერმის და წარმოების მიუხედავად, ბაზრის ბოლომდე დაკმაყოფილება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„ჩემი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თხის ყველაზე დიდი ფერმა ჩვენ გვაქვს. დაახლოებით, 300-მდე სული გვყავს უკვე. რაც შეეხება იდეას, ჩემი მეუღლე წარმოშობით ლეჩხუმიდან არის და სულ ცდილობს, რომ ბევრი საინტერესო საქმე სწორედ იქ აკეთოს. უნდოდა, რომ სოფლის მეურნების მიმართულებითაც რაიმე კარგი პროექტი შეგვექმნა. ჰყავს პარტნიორები, რომლებსაც იგივე მიზანი ამოძრავებდათ. შედეგად, 2 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივის ტიპის, "გვესოს ფერმა", რომელსაც ჰყავს 3 მეპაიე. მათ არ დაუზოგავთ საკუთარი რესურსები, რომ პროექტი წარმატებული გამოსულიყო. ამ დროისთვის დაახლოებით, 10-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული.

რეალურად, ჩვენ უკვე ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ერთი, ის რომ თხების რაოდენობით ყველაზე დიდი ფერმა გვაქვს, ამასთან, საკმაოდ დიდი და კარგად გამართული ყველის და რძის პროდუქტების წარმოების ხაზი უკვე გაშვებულია. ბოლო ნაწილში სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა. კერძოდ, გადმოგვცა რძის წარმოების ხაზი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

მანამდე ყველს ოჯახში ვაწარმოებდით მხოლოდ. თუმცა, რაც საწარმო დავასრულეთ, ყველის წარმოების კიდევ მრავალი რეცეპტი შევისწავლეთ. გვინდა, რომ რეალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურები გავხდეთ“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქტი ხელმისაწვდომია ყველის ნიშურ მაღაზიებსა და რამდენიმე რესტორანში. რაც შეეხება მის ღირებულებას, ერთი კილოგრამის ფასი 60-დან 90 ლარამდე მერყეობს.

„აქამდე ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყო ყველის ნიშურ მაღაზიებსა და რამდენიმე რესტორანში, გარდა ამისა, მონაწილეობას ვიღებდი აგროგამოფენებში. თუმცა, გვინდა, რომ გავზარდოთ წარმოება, შესაბამისად, მიწოდებაც. ამასთან, ონლაინ გაყიდვები გავააქტიუროთ და პროდუქტის სახეობები დავამატოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ფერმა გვაქვს, იმ მოცულობის წარმოება მაინც არ არის, რომ მსხვილ ქსელებს შევეჭიდოთ.

ამ ეტაპზე, დაახლოებით, 12-მდე სახეობის ყველი გვაქვს. გამოგვარჩევს ის, რომ პროდუქტის დამზადებისას ადგილობრივ მცენარეებს და სუნელებსაც ვიყენებთ, მაგალითად ბეგქონდარას, (ასე ეძახიან ლეჩხუმში), ასევე, როზმარინს, პიტნას, წიწაკებს, ჭინჭარს და ა.შ.

ზოგადად, თხის ყველზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამის მიზეზია ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, დედის რძესთანაც კი აიგივებენ, რადგან ძალიან ბევრი ვიტამინებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, გემური თვისებებითაც გამოირჩევა და თხის ყველზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია.

ჩვენ სუპერმარკეტებიდანაც გვქონდა შემოთავაზება, რომ ჩვენი პროდუქტი შეგვეტანა, თუმცა, გვინდა, რომ უწყვეტი მიწოდების სისტემა გვქონდეს. ამ ეტაპზე არ გვინდა, რომ დიდ ქსელებს შევეჭიდოთ, შევიძინოთ ერთგული მომხმარებელი და მერე არასაკმარისი მიწოდების გამო გავანაწყენოთ. ამიტომ, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იმედია, რაც შეიძლება მალე შევძლებთ წარმოების გაზრდას.

რაც შეეხება ფასს, 1 კგ პროდუქტი დაახლოებით, 60 ლარიდან 90 ლარამდე ღირს“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისივე თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება წარმოების გაფართოვება, სხვადასხვა სახეობის დამატება და გარდა ყველისა, თხის რძისგან სხვადასხვა პროდუქტების წარმოებაც. თუმცა, როგორც რუსუდან კბილაშვილი აღნიშნავს, ჯერჯერობით ექსპორტზე საუბარი ნაადრევია, რადგან ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი რთულია.

„რეალურად ჩვენ ვაწარმოებთ ბიო პროდუქტს და გვინდა, რომ ბიო მეურნეობა განვავითაროთ. ჯერჯერობით ოფიციალურად ბიო სერთიფიკატი არ გვაქვს, რადგან დაახლოებით, 3 წელი სჭირდება მის აღებას. თუმცა, როგორც ვიცი, ერთადერთი ფერმა ვართ, რომელიც არ მუშაობს ბაგურ პრინციპზე. ანუ არიან ფერმები, რომლებსაც თხები ნაწილობრივ სულ ფერმაში ჰყავთ და საძოვრებზე არ უშვებენ. ჩვენ გვყავს ქართული ჯიშის თხები, რომლებსაც მწყემსები საძოვრებზე პატრონობენ. არსებობს კიდეც ასეთი გამონათქვამი - „ბედნიერი თხები“, ანუ ცხოველები, რომლებიც არ არიან გამოკეტილი ფერმაში და საძოვრებზე იკვებებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი თხის ყველი გემოვნური თვისებებით გამორჩეული და ბიო პროდუქტია, რადგან არანაირ საკვებ დანამატებს არ ვიყენებთ“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

ნინი ქეთელაური