საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის ქვეყნების ნაწილთან, თუ რა პირობები უნდა იყოს დაცული საქართველოდან გამგზავრებისა და კონკრეტული ქვეყნებიდან მგზავრების მიღების შემთხვევაში.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა, გამოკვეთილია ქვეყნები, საიდანაც მგზავრების მიღება საქართველოს ეპიდსიტუაციაზე ურყოფითად არ აისახება.
„თქვენ იცით, რომ საქართველო ეროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს მწვანე ქვეყნად და შესაბამისად, მზად არის გაუხსნას საზღვრები. აქ არის გამოკვეთილი გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია არის საქართველოს მსგავსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას საქართველოსთვის არ ექნება ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა. ჩვენ დღესდღეობით ვმუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დეტალურად შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით, ან ევროპელი მგზავრი იმგზავრებს საქართველოს მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დახმარებას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო კვლავ მზად არის, სომხეთს დახმარება გაუწიოს.
„აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ სომხურ მხარეზე და იმ საჭიროებებზე, თუ რომელ საჭიროებებს დაასახელებენ ისინი. საქართველოს მხარე თავისთავად არის მზად იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყანას გაუწიოს დახმარება“, - განაცხადა ტიკარაძემ.