„საგანგებო მდგომარეობის დროს ყველაზე მეტი ღირებულების - ჯამში 108.5 მლნ ლარის ტენდერები თბილისის მერიამ გამოაცხადა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს ყველაზე მეტი ღირებულების - ჯამში 108.5 მლნ ლარის ტენდერები თბილისის მერიამ გამოაცხადა.

როგორც კვლევაში წერია, ყველაზე მსხვილ 10 შემსყიდველში მოხვდა ასევე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები: თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო. მერიამ და მისმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა ერთად 189 მლნ ლარის ტენდერები გამოაცხადეს, რაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულების 34%-ია.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა“,- წერია კვლევაში.

კვლევის შედეგების მიხედვითვე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ 21 მარტი - 22 მაისის პერიოდში გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი თანხა - 19.9 მლნ ლარი, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დახარჯა. 10.4 მლნ ლარი დახარჯა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, საიდანაც 10 მლნ ლარამდე სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე მოდის. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირდაპირი შესყიდვით ჯანდაცვის სამინისტრომ 9.4 მლნ ლარი დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა 8.2 მლნ ლარამდე სამედიცინო მოწყობილობებზე დაიხარჯა, ხოლო 1 მლნ ლარი ფარმაცევტულ პროდუქტებზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, კვლევა 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე ჩატარდა და მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.