„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს და მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს - ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.
„შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული.
შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული.
პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული.
შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული
გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე - 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე - 17.9 მლნ ლარი“,- აღნიშნულია კვლევაში.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ.
„აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს“,- წერია კვლევის შედეგებში.