„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას

ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, „თბილღვინო“ განვითარებას განაგრძობს.

კომპანიამ ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფელ ენისელში დამატებით გააშენა საფერავის ჯიშის ყურძენი 42 ჰექტარ მიწაზე.

დარგვის სამუშაოები მარტში დაიწყო და 1 თვე გასტანა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად კომპანიაში დამატებით 50-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„თბილღვინოს“ გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, „თბილღვინოს“ ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

გარდა ამისა, კომპანია აქტიურად განაგრძობს საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას. წელს კომპანია 1 მილიონი ლიტრით მეტი ყურძნის წვენის გადამუშავებას შეძლებს. ჯამური მოცულობა კი 8.3 მილიონ ლიტრს აღწევს.

„რასაკვირველია, პანდემია იყო შემაბრკოლებელი, თუმცა ჩვენი მიზანი გაცილებით დიდია. შესაბამისად, ამას ხელი არ შეუშლია ახალი ვენახების გაშენებაში. რეალურად მთელი რიგი ბაზრებიდან არის მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე, საჭირო რაოდენობის ხარისხიანად გადამუშავებას კი სჭირდება სიმძლავრეები. ჯამში, „თბილღვინომ“ 2020 წელს საწარმოო სიმძლავრეების განსავითარებლად 1 მილიონი ევროს ინვესტირება განახორციელა“, - აცხადებენ კომპანიაში.

(R)