„საქართველოს დაფინანსების 15 %-ით შემცირება პირდაპირ პროპორციულია იმ ნდობისა, რა ნდობაც შეირყა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში"

ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ნდობა 15 %-ით არის შემცირებული, ეს 15 % პირდაპირ პროპორციულია იმ ნდობისა, რა ნდობაც შეირყა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, - ასე შეაფასა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა ამოქმედდეს პირობითობის პოლიტიკა.

„ბუნებრივია, ეს არ არის სანქცია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა ამოქმედდეს პირობითობის პოლიტიკა. პირობითობის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ თუ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც არის შეუთავსებელი იმ პირობებთან, რაც არის ჩამოთვლილი - დემოკრატიის განვითარება, სასამართლოს უზრუნველყოფა, არჩევნების დემოკრატიული ჩატარება და ა.შ ასეთ შემთხვევაში არ გამოიყოფა ის თანხები, რომელიც გათვალისიწნებულია ბიუჯეტით. ეს ნიშნავს შემდეგ რამეს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ნდობა 15%-ით არის შემცირებული, ეს 15% პირდაპირ პროპორციულია იმ ნდობისა, რა ნდობაც შეირყა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. ახლა რასაც აშშ-ის წარომადგენელთა პალატა ცდილობს რომ განახორციელოს, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ყველა ის დანაპირები, ყველა ის შეთახნმება და დემოკრატიული რეფორმა, რომელიც არის შშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, უნდა გაგრძელდეს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც იყო შეთანხმებული,“ - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესს სურს საქართველოს მთავრობას აჩვენოს, რომ მან არ გადაუხვიოს შეთანხმებებიდან.

„აშშ პარტნიორებისადმიც, მეგობრებისადმიც, ხალხისადმიც არის განწყობილი ისე, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს და ქვეყანა დადგეს შეუქცევადი დემოკრატიის ხაზზე და რომ ასეთი ქმდებები არ იყოს საჭირო, თუმცა, ალბათ, კონგრესში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობითობის პირობების დაყენება მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მთავრობამ ეს არამხოლოდ „ტვიტების“, განცხადებების სახით აღიქვას, არამედ ინსტიტუციური, სისტემური სახე მიეცეს. თუ არ იქნება ადეკვატური შეფასებითი მოხსენება, ეს 15 % აღარ იქნება გამოყოფილი. ეს ნიშნავს პოლიტიკურად იმას, რომ აშშ-ის კონგრესს სურს საქართველოს მთავრობას აჩვენოს, მან არ გადაუხვიოს შეთანხმებებიდან - გზიდან, რომელზეც აშშ-ის მთავრობა მუდმივად ამ პირობების გარეშეც გამოყოფდა თანხებს,“ - აღნიშნა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.