მთავრობა “Georgian Airways”-სა და ამ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს უსამართლოდ გვექცევა. ჩვენი ინტერესების იგნორირებით ხდება უცხოური ავიაკომპანიებისთვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს ბაზარზე, - ამის შესახებ ავიაკომპანია “Georgian Airways”-ის ბორტგამცილებლების სამსახურის თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, “Georgian Airways”-ის ბორტგამცილებლები აპირებენ კანონით ნებადართული ყველა საშუალება გამოიყენონ პროტესტის გამოსათქმელად.
„წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, მაგრამ ქართველი ხალხისა, და მათ შორის, ჩვენს მიერ არჩეული მთავრობა “Georgian Airways”-სა და ამ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს უსამართლოდ გვექცევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ინტერესების იგნორირებით ხდება უცხოური ავიაკომპანიებისთვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ამას ვაფასებთ არა როგორც ჩვენი და ჩვენი ოჯახების წინაშე ჩადენილ დანაშაულს, არამედ, როგორც ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ჩვენი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფას და ჩვენს უმუშევრად დატოვებას არ შევეგუებით. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით ნებადართულ ყველა საშუალებას პროტესტის გამოსათქმელად, ჩვენს საბოლოო დამოკიდებულებას კი არჩევნებშიც დავაფიქსირებთ,“-აღნიშნულია განცხადებაში.