ქართული პასპორტი ამერიკის და თურქეთის პასპორტებზე ძლიერია - რა პოზიციაზეა საქართველო გლობალურ რეიტინგში

ქართული პასპორტი გლობალურ რეიტინგში ამერიკის, თურქეთის და კიდევ 152 ქვეყნის პასპორტებს უსწრებს.

passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი 199 ქვეყანას შორის 47–ე ადგილს იკავებს და უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე მაგალითად ამერიკას, თურქეთს, მონტენეგროს, ისრაელს და ა.შ.

passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ შეუძლია 57 ქვეყანაში მოგზაურობა, 33 ქვეყანაში საზღვარზე შეუძლია ვიზის აღება, ხოლო 108 ქვეყანაში ვიზა დასჭირდება.

რეიტინგში პირველ ადგილზეა იაპონია. ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შეიძლიათ იმოგზაურონ 82 ქვეყანაში, ვიზის აღება შეუძლიათ 34 ქვეყნის საზღვარზე, 82 ქვეყანაში კი სჭირდებათ ვიზა.

ათეულში ასევე მოხვდნენ - ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრალია და დანია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს - რეიტინგში თურქეთი 56-ე ადგილზე, სომხეთი - 136-ე ადგილზე, აზერბაიჯანი -125-ე ადგილზე, რუსეთი კი მე-60 პოზიციაზეა.

passportindex.org-ის მონაცემებით, რეიტინგში ბოლო, 199-ე ადგილს იკავებს ერაყის მოქალაქის პასპორტი. ერაყელებს უვიზოდ შეუძლიათ მხოლოდ 3 ქვეყანაში მოგზაურობა, საზღვარზე ვიზის აღება 23 ქვეყანაში, ხოლო 172 ქვეყანაში შესვლისთვის მათ ვიზა საკონსულოებში უნდა აიღონ. ერაყთან ერთად რეიტინგის ბოლოში მოხვდნენ - იემენი, სომალი, სირია და ავღანეთი.