რა შემთხვევაში მოუწევს საქართველოში ჩამოსულ ტურისტს სავალდებულო კარანტინის გავლა

საქართველო დღეიდან რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარს ხსნის. ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს. კერძოდ, საქართველო საზღვრებს ხსნის იმ ქვეყნებთან, რომლებმაც თავად უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთან.

კერძოდ, ეს არის 5 ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით.

„საქართველოს საღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა. ამ ანკეტაში თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიაზე ანუ ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში. ასევე ანკეტაში იქნება გათვალისწინებული ინფორმაცია, სადაც იქნება აღნიშნული თუ სად აპირებს დარჩეს და გაატაროს დრო ჩვენი ქვეყნის სტუმარმა საქართველოში ყოფნის პერიოდში. ასევე ხელმისაწვდომი იქნება მისი საკონტაქტო და სხვა ინფორმაცია რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში.

მათივე თანხმობის შემთხვევაში ან საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ პისიარ ტესტი. ასევე სავალდებულო წესით კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან მთელი აქ ყოფნის პერიოდში პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრის ჯგუფი,“-აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თაია არდოტელი