კახა კალაძის განცხადებით, იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდება, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდება, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პოლიკლინიკების გასხვისება ისე უნდა მოხდეს, რომ მათ სტატუსი არ დაკარგონ და არც თანამშრომლები გათავისუფლდნენ.

“მინდა შევეხო მუნიციპალურ პოლიკლინიკებს, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, გაუბედურებულია ინფრასტრუქტურა. შიგნით მდგომარეობაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. აღნიშნული შენობები ათეული წლების წინ აშენდა და აქამდე გარემონტება არ მომხდარა. აპარატურაზე არ ვსაუბრობ. უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნული პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია. არსებობს ორი გზა - მუნიციპალიტეტმა აიღოს ვალდებულება, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, მთელი რიგი პრობლემები შეექმნა მუნიციპალიტეტს -150 მლნ გვაქვს საშემოსავლო ნაწილში და 50 მლნ ჩამოგვეჭრა, რომელიც სხვადასხვა პრიორიტეტებისთვის გადანაწილდა. ამიტომ პროექტი გავამზადოთ, შეიკრას და პრივატიზაცია განვახორციელოთ. ამის პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ სტატუსი იყოს შენარჩუნებული და ასევე თანამშრომლების. პოლიკლინიკების გასხვისება ისე უნდა მოხდეს, რომ პოლიკლინიკის სტატუსი შენარჩუნებული იყოს”,- განაცხადა კალაძემ.