კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტების განხორციელება, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტების განხორციელება, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თბილისის მერია ასევე თემქის ხევის რეაბილიტაციას გეგმავს.

„ერთი საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. იცით, რომ თემქის ხევის რეაბილიტაციას ვაპირებთ და რა თქმა უნდა, პროექტში ესეც გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა თანამედროვე, ლამაზი იყოს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ კონკრეტული საბაგიროთი ისარგებლონ. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ სამგორის, ხოლო სარაჯიშვილი - ზღვის უბნის საბაგირო მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც გითხარით, პირველად ვახორციელებთ სამგორი-ვაზისუბნის პროექტს. ივლისში უკვე კონსულტანტს ავიყვანთ და დეტალურად დამუშავდება პროექტი. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, მომავალი წლის დასაწყისში ალბათ, უკვე მშენებლობაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ცოტა მოგვიანებით უკვე შევძლებთ მეორე პროექტის განხორციელებას. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქში გადაადგილება ყველაზე კომფორტული, მოსახერხებელი და თავისუფალი იყოს“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელების ფარგლებში ასევე მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო ჰაბი მოეწყობა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტის განხორციელებისას, ამ მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა სატრანსპორტო ჰაბები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, გათვალისწინებულია სპეციალური, შესაბამისი ზოლები 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის. იცით, რომ 18 - მეტრიანი ავტობუსები ყველგან ვერ ივლის, შესაბამისად, კვლევის შედეგად კონკრეტული არეალები და მიმართულებები გვექნება, სადაც ამ ავტობუსებს გადაადგილება შეეძლება“, - განაცხადა კალაძემ.