შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება

შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება.

ამის შესახებ ბათუმის მერიიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

„ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო. ჩვენი მიზანია გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება”, - წერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ 8 ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, 70 მგზავრზეა გათვლილი. მათივე ცნობით, ახალი ელექტროავტობუსები თანამედროვე სტანდარტებისაა და ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება 10 წუთის განმავლობაში. ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით EBRD-მა გამოაცხადა, სადაც კომპანია BKM -მა გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს, სადაც უკვე, 40 დიზელზე მომუშავე ავტობუსი ჰყავს. უკვე დაწყებულია ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა.