გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოს მიერ ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას მიესალმება

საქართველოს მიერ გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ოთხი წევრი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა მისასალმებელი ნაბიჯია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორმა მიხაელ ზიბერტმა განაცხადა.

„საქართველომ გერმანიისთვის და ევროკავშირის კიდევ ოთხი ქვეყნისთვის, საფრანგეთისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. ეს არის მისასალმებელი ნაბიჯი სამგზავრო რეგულაციების ნორმალიზაციისკენ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან“, – წერს მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.