ავსტრიამ ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა

ავსტრიამ ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა. მედიის ინფორმაციით, ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების დაწესების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გახდა.

ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში ავსტრიაში კორონავირუსის ახალი კლასტერები გაჩნდა, რომლებიც ძირითადად ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და მოლდოვიდან ჩასულ ადამიანებს უკავშირდება.

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის თქმით, კონტროლი ასევე გამკაცრდება უნგრეთთან და სლოვენიასთან სახმელეთო საზღვარზე.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 18 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 706 ადამიანი ემსხვერპლა.