რა მოცულობის კარტოფილი იყიდება მსოფლიოში - ქვეყნები, რომლებიც პროდუქტს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ

2019 წელს გლობალურ ბაზარზე კარტოფილის საერთო მოცულობამ 140,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ანალიტიკური სააგენტოს IndexBox ანგარიშშია საუბარი, რომელსაც FruitNews ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს კარტოფილის ყველაზე დიდი მომხმარებლები იყვნენ: ჩინეთი (93 მლნ ტონა), ინდოეთი ( 51 მლნ ტონა) და უკრაინა (23 მლნ ტონა), რომელთა საერთო მოხმარების წილმა, პროდუქტის მთელ მოცულობაში 45% შეადგინა.

რუსეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ბანგლადეშში, პოლონეთში, ნიდერლამდებში, კანადას და ბელორუსში მოხმარებული კარტოფილის წილი კი, საერთო მოცულობის მხოლოდ 23%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება პროდუქტის ღირებულების მიხედვით ლიდერ ქვეყნებს, აქაც ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც 52,3 მლრდ დოლარის პროდუქტი მოიხმარა. მას მოსდევს ინდოეთი - 10,5 მლრდ დოლარით.

ანგარიშის თანახმად, მომდევნო ათწლეულებში კარტოფილის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. ზრდის დინამიკა კი ერთ წელში +1,6% იქნება. შედეგად, 2030 წლისთვის გლობალურ ბაზარზე კარტოფილის საერთო მოცულობა 441 მლნ ტონამდე გაიზრდება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოში კარტოფილის ექსპორტის მაჩვენებელი 4,9%-ით გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს პროდუქტის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები იყვნენ: საფრანგეთი - 3,5 მლნ ტონა, გერმანია - 1,9 მლნ ტონა, ნიდერლანდები - 1,8 მლნ ტონა, ბელგია - 1 მლნ ტონა და ეგვიპტე - 0,7 მლნ ტონა.

ნინი ქეთელაური