ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ საზღვარზე კონტროლის საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, შესაბამისად, 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნით პროცესის მართვის მოლოდინი არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამიტომ მიიღეს ამ 5 ქვეყანასთან საზღვის გახსნის გადაწყვეტილება.
"საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევის. აქედან გამომდინარე, მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა. ის მგზავრები, რომლებიც იმგზავრებენ ამ 5 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, მათ ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, სადაც იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერსტურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომარეობა მოითხოვს", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ 5 ქვეყნაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.