მაია ბითაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყება

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო დონორი ორგანიზაცია იქნება, რომელიც მთლიანად დააფინანსებს აღნიშნული ორი საბაგიროს დერეფნის დეტალურ პროექტირებას და შემდეგ სამშენებლო სამუშაოებს.

„კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავდა საბაგიროების განვითარების პერსპექტივების სქემა, სადაც ეკონომიკური შეფასებებიც არის გაკეთებული, თუ რომელი დერეფანია ყველაზე უპრიანი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მგზავრთნაკადი კონკრეტული უბნებისთვის. შესაბამისად, სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის მონაკვეთი შეირჩა, სადაც ვფიქრობთ, რომ უკვე 2021 წლიდან სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო დონორი ორგანიზაცია იქნება, რომელიც მთლიანად დააფინანსებს აღნიშნული ორი საბაგიროს დერეფნის დეტალურ პროექტირებას და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი თბილისის მასშტაბით საბაგიროების განვითარების პერსპექტივების სქემა გვაქვს, თუმცა, ბუნებრივია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დერეფნებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ყველაზე მეტად არის მორგებული და ასევე, ტურისტულ მიმართულებას“, -განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი- ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტების განხორციელება იგეგმება.