გენერალური გეგმის მიხედვით, შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება დაბრუნდება

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით, არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშა ნათქვამი, დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება შემდეგ ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.

თბილისის ურბანულის განვითარების სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები დაედო, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ტერიტორიებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა. რეალურად, ყველას მოეხსნება ეს შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგეგმით დადგენილი ზონების დაბრუნება,“ - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მთავრობის დღევანელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.