ლევან დავითაშვილი - ფერმერები ყურძნის ჩაბარებას ისეთ ფასში შეძლებენ, რომ მათი შრომა დაფასდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება ,,მოკლე ხანში გამოვა“.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს მისი ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ.

,,წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს. ეს არის საკითხის როგორც ეკონომიკური ნაწილი, ასევე ძალიან დიდია სოციალური ფაქტორი, რომელსაც ვითვალისწინებთ. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოვა სულ მოკლე ხანში, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ჩვენ, დამატებით, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.