დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობა მიდის გეგმაზე, რომ მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს. ამირან გამყრელიძემ ეროვნული გამოცდების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდებიდან გამომდინარე ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი მოსალოდნელი არაა.
„დღევანდელ ეტაპამდე ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. უკვე მესამე დღეა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. სიტუაცია სრულად მართვადია იქაც, დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების არავითარი მომატებული რისკი არ იქნება, იმდენად გათვლილია ყველა ეტაპი. ამჟამად სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ. ეს მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიული მუშაკების, ტესტირებების გაფართოება“, -აღნიშნა გამყრელიძემ.