დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის ბოლოს კორონავირუსის დადგენაზე 24 ლაბორატორია იმუშავებს, ამავე პერიოდში დღეში 3000 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ როცა დავიწყეთ იანვრის ბოლოს PCR ტესტირება ქვეყანაში, ერთი მხოლოდ ლუგარი ახორციელებდა ტესტირებას, მერე ამას დაემატა ბათუმი, ქუთაისი და ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და დღეს 19 ლაბორატორია ახორციელებს ტესტირებას ქვეყანაში და ივლისის ბოლოს ეს იქნება 24. ზოგადი ჩვენი ლაბორატორიული სიმძლავრე ასეთია - ჩვენ ვაკეთებდით თებერვალში სადღაც 72 ტესტირებას, შემდეგ აპრილში უკვე - 470-მდე გვქონდა, მაისში -1400-მდე, ივნისში - 1800-მდე და ახლა გვაქვს საშუალოდ ივლისის პირველი 6 დღის განმავლობაში, სადღაც 2400-2500-ის ფარგლებში და ივლისის ბოლოს ვიქნებით 3000 ტესტირებამდე და შემდეგ ეს ტესტირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ლაბორატორიული ტესტირების გაფართოვების ფონზე, შეცდომების დაშვების ალბათობა იზდება.
„ჩვენ ივნისის დასაწყისიდან დავიწყეთ ე.წ. გარე კონტროლის სისტემის ამუშავება როგორც ლაბორატორიებისთვის, ისე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში და 11-დან 15 ივნისის ფარგლებში, ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ე.წ შეუსაბამობა შედეგებს შორის. ეს რამდენიმე ერთეული იყო. შემდგომ ეს შემთხვევები მრავალჯერადად გადამოწმებულ იქნა ლუგარში PCR ტესტირებით, გადამოწმებულ იქნა ანტისხეულებზე ტესტირებით, ასევე ჩატარდა კიდევ ჩაღრმავებული კვლევები და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პირველ ეტაპზე მიიჩნეოდნენ დადებითად შემდეგ დადასტურდა, რომ მათ კოვიდ ინფექცია არ ჰქონდათ და გადაყვანილ იქნენ კარანტინში. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის არც შემდგომში, ამიტომ მკაცრდება კიდევ უფრო გარე კონტროლის სისტემები,“- განაცხადა გამყრელიძემ.